"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ის მომავალ არჩევნებში ბოიკოტსაც არ გამორიცხავს.
ხაზარაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე ხაზზე არიან.
"დარწმუნებული ვართ, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის თავისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდნენ ხელშეკრულებიდან, რომ იციან 43%-ს ვერ დააგროვებენ ამ არჩევნებში. მოვუწოდებთ საზოგადოებას და ოპოზიციურ ძალებს დავიწყოთ კონსულტაციები. ჩვენ უკვე ხაზზე ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. გვინდა გითხრათ, რომ ამ დესტრუქციულ განცხადებას არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში და ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთნ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრციხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც",- თქვა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.