პარტნიორების მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე მოლოდინი უკვე არსებობს, ამიტომ ის გარდაუვალია - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ქვეყანაში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები გარდაუვალია.

​ბოკუჩავას თქმით, მმართველ გუნდს ეშინია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ მიიღებს და სწორედ ამიტომ მიიღო დოკუმენტის ანულირებაზე გადაწყვეტილება. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მმართველი გუნდის მიმართ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე მოლოდინი უკვე არსებობს და ის აუცილებლად დაინიშნება.

"ფაქტი ჯიუტია, რომ 43% ქართული ოცნებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა. ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ქართული ოცნების მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, აუცილებლად ჩატარდება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე გამოვიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე",-თქვა თინა ბოკუჩავამ.

ჟურნალისტებმა ბოკუჩავას "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზეც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა. თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც გაივლიან. 

"ვნახე ზურა ჯაფარიძის განცხადება. რა თქმა უნდა გავივლით კონსულტაციებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იყოს ერთობლივი განცხადება",-თქვა მან.

ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი