ტყუილად ყეყეჩობს ყურშა, კობახიძის განცხადება მარცხის ნიშანი და დადასტურება იყო - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" არის დასრულებული, ამ არჩევნებზე ყველა ერთად გავაფორმებთ უკვე მათ დამარცხებას", - ასეთ კომენტარს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ამ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება "სრული უაზრობაა" და კობახიძის დღევანდელი "განცხადება კი მარცხის ნიშანი და დადასტურება იყო".

"ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვარ და ამ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება რა თქმა უნდა სრული უაზრობაა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი რაც გაუშვა ქართულმა ოცნებამ არის სრული უიმედობა და ნიჰილიზმი. რომ ჩვენ ხელების გადაგრეხვით გავაკეთებთ ყველაფერს. მინდა ვუპასუხო მათაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ვუთხრა მოსახლეობას, მეგობრებო დამშვიდდით "ქართული ოცნება" არის დასრულებული. ამ არჩევნებზე ყველა ერთად დავამარცხებთ, გავაფორმებთ უკვე "ქართული ოცნების" დამარცხებას. კობახიძის განცხადება მარცხის ნიშანი და დადასტურება იყო", - ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციურ ველზე დაპირისპირებების დრო არ არის. "ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენ პარტიაში. ვის ვის და "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა ყველაზე კარგად ესმის, რომ შიდადაპირისპირებისა და პარტიებთან კამათის დრო არ არის", - თქვა მან. 

ხაბეიშვილი ასევე ამბობს, რომ ახლა ერთიანი ძალებითა და საერთო ძალისხმევით უნდა მოაშორონ ეს ჭირი [ქართული ოცნება] ქვეყანას.

"ცხადია, რომ სწორად მიდის ოპოზიცია, მათ შორის, მედიაზე თავდასხმაც არ შერჩა "ქართულ ოცნებას" და რეიტინგებმა აჩვენა, რომ ისინი თავდაღმართში მოდიან, არჩევნების თარიღამდე აღიარეს მარცხი, ჩვენ გვახსოვს გაყოყოჩებული ყურშა ვგულისხმობ კობახიძეს, მჯიღს რომ იცემდა და იძახდა 60%-ს ავიღებთო და ახლა ამბობს, რომ იცი რა ხალხო, 43%-ს ვერ ავიღებთ ჩვენ, მაგრამ არ ჩავნიშნავთ არჩევნებს. დანიშნავენ, ის უკვე დამარცხებულია, იატაკქვეშეთშია "ქართული ოცნებაც" და ბიძინა ივანიშვილიც", - თქვა მან.

რაც შეეხება მოლოდინებს საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით, როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მმართველ პარტიას "10-ჯერ უფრო მძიმე დღეები ელის".

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი