"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი, მმართველი გუნდის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ოპოზიციის საბოტაჟით ხსნის. კერძოდ, ვოლსკი ამტკიცებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ცალმხრივად, მხოლოდ "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს, ოპოზიცია კი "მედიასაშუალებების მონაწილეობით" საბოტაჟს აწყობდა.
"ის პათოსი, შინაარსი, რაც ამ შეთანხმებაში დევს, მთავარი, რომ პოლიტიკურ პარტიებს, მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ჰქონდეთ დიალოგი და გააგრძელონ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის, პრაქტიკულად არ აქვს არანაირი მომავალი, იმ საბოტაჟის რეჟიმში, რომელსაც ისინი ახორციელებენ.
იმის მაგივრად რომ კონსტრუქციულ რეჟიმში მომხდარიყო გადასვლა, დამძიმდა ვითარება და არა თუ 43-ს 53-ის და თუ გინდა მეტის აღების შემთხვევაში, მზად ვართ მათ შორის, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან ერთად, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, გავაკეთოთ რიგგარეშე არჩევნები თუ არ გავაკეთოთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამ საუბრისთვის არავინ მზად არ არის, ვატყობთ და გამოვიდა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებას მხარს ვუჭერთ და ჩვენი ამომრჩეველი გვეკითხება, როდემდე უნდა გავუძლოთ ამ საბოტაჟს, რომელიც გამოგვიცხადეთ ყველამ ერთად, ზოგიერთი მედიასაშუალების მონაწილეობით",-თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.