"ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს… "ქართული ოცნება" არის პრორუსული დიქტატურა" | ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, ბოლო ერთი თვე მედიისთვის აღმოჩნდა უმწვავესი, რასაც კრიტიკულმა მედიამ ძალიან კარგად გაართვა თავი და მისი მოვალეობა შეასრულა.

ნიკა გვარამიას განცხადებითვე, "ქართული ოცნების" დღევანდელი განცხადებით ქვეყანაში უკვე რუსული დიქტატურა დამყარდა:

"ბოლო ერთი თვე, მედიისთვის, ჩვენი არხისთვის მათ შორის აღმოჩნდა უმძიმესი და უმწვავესი. მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის. მართალია ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ უფრო მეტი, ჩვენ შევასრულეთ მედიის მთავარი ფუნქცია, ჩვენ ზედაპირზე ამოვიტანეთ "ქართული ოცნების" ნამდვილი სახე. დღევანდელი განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გააფორმა საქართველოში დიქტატურა, რომელიც მანამდეც არსებობდა. მაგრამ ან ვერ ვამჩნევდით, ან არ ვიმჩნევდით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ დღეს უკვე არანაირი სივრცე არ არსებობს დამატებითი ინტერპრეტაციებისთვის. აღარანაირი სივრცე არ არსებობს საკუთარი თავის მოტყუებისთვისაც კი, დღეს სავსებით ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს "ქართული ოცნების" დიქტატურასთან", - ამბობს ნიკა გვარამია. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან არხი სპეციალურ რეჟიმში მუშაობას ასრულებს და კვლავ გადადის მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმზე:

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედიის მუშაობამ შეასრულა უნიკალური და ისტორიული როლი "ქართული ოცნების" რეჟიმის დამარცხებაში. "ქართული ოცნების" რეჟიმის დამარცხების წინაპირობა არის მისი რეალური სახის გაშიშვლება, რაც ბოლომდე მედიის დამსახურებაა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღოო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩემი არხის სახელით ვაცხადებ, რომ მედიამ უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, ვითარებამ მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური სახე, ჩვენ გამოვდივართ, სპეციალური რეჟიმის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. კიდევ ერთხელ საკითხმა მიიღო მწვავე პოლიტიკური ელფერი და ეს საქმე და ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური ბრძოლა, რაც დღეს რუსეთთან პრაქტიკული შეერთების დეკლარაციით გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", თავისთავად ცხადია, "მთავარი არხი", იმედი მაქვს სხვა ოპოზიციური მედიებიც ამ პროცესში იდგებიან არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი