"ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან არის პირდაპირი უარი ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე, ეს არის ცხადზე ცხადი", - ასეთ კომენტარს აკეთებს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე.
როგორც ის ამბობს, მათი არგუმენტი, თითქოს შეთანხმებას ტოვებენ იმიტომ, რომ მას "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა, დაცინვაა. მისივე თქმით, "ოცნებამ" პირველ რიგში შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით დაარღვია.
"ეს არგუმენტი, რომ შეთანხმებიდან იმიტომ გადიან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ მოაწერა ხელი, არის უბრალოდ დაცინვა და მეტი არაფერი. "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაში არ არის საერთოდ მოაწერდა ხელს თუ არ მოაწერდა, მათი გადასაწყვეტი იყო და მათი პრობლემა თუ ეს პრობლემა იყო საერთოდ. ეს შეთანხმება მატ გააფორმეს სხვა მხარეებთან მათ შორის ჩემთანაც და პირველ რიგში მედიატორებთან, მათ წინაშე აიღეს ვალდებულება, ევროკავშირისა და აშშ-ის წინაშე აიღეს ვალდებულება, რომ ამ შეთანხმებას შეასრულებდნენ და შემდეგ უკვე ამაზე თქვეს უარი. ეს არის ნაბიჯი, სხვა იმ ნაბიჯებთან ერთად, რომლებიც უკანასკნელ კვირებში გადადგა "ქართულმა ოცნებამ" დიქტატურისკენ, ისინი ჩაფრენილი არიან ძალაუფლებას და არაფრის დიდებით არ აპირებენ, რომ ძალაუფლება ხელიდან გაუშვან. ახლა მოსაფიქრებელია რა არის გასაკეთებელი, როგორ უნდა გავუშვათ ეს გადამგდებები და მატყუარები ქვეყნიდან. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ აქვს სანამ "ოცნება" არის ხელისუფლებაში", - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" ამ განცხადების შემდეგ, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტიდან გამოსვლა გადაწყვიტა.
ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.