19 აპრილის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლას, საგანგებო განცხადებით გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრები ეხმაურებიან. გახარიას გუნდის წევრების თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება დასტურია, რომ მმართველი გუნდი შეშინებულია.
დღეს ჩვენ ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფო ინტერესები, ქვეყნის და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეების ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებული. ჩვენ მივუყვებით ჩვენი პარტიული მშენებლობის გეგმას, ჩვენ ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მხარდაჭერა დიდი და მზარდია",-თქვა ბექა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის თქმითვე, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" საერთო ინტერესებით მოქმედებს და "ეს ყველასათვის ნათელია".
ენმ-მ დაადასტურა, რომ არ მოაწერეს ხელი, რადგან ეს აწყობდა ოცნებას და სჭირდება საფუძვლად, რომ შეთანმხება ანულირებულად გამოეცხადებინა. ამ თაღლითობას უპირისპირებენ ისინი შიდაპარტიული კვლევების დრამატულ შედეგებს, რეალობას, სადაც საქართველოსთვის რეიტინგი იზრდება და ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე კიდევ ერთხელ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ვეუბნებით ორივეს: თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ და ეს ყველასთვის ნათელია. მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და გეყოთ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ბედით თამაში, - ამბობს ლილუაშვილი.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.