
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს.
პავილიონისმა საქართველოში მიმდინარე პროცესები და მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმები "მთავარ არხთან" საუბრისას შეაფასა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალადობისა და სიძულვილის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
"როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას მიიტან ეს ავტოკრატიაზე მიუთითებს. მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა მიუთითებს, რომ შენ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებისა და კრიტიკის არ გეშინია. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს, გამოავლინოს ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთთან კავშირში არიან, ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვასა და უმცირესობას იცავენ. არავის აქვს უფლება ჟურნალისტს მოქმედების საშუალება შეუზღუდეს, კანონის უზენაესობა ყველას უნდა შეეხოს, რუსული მეთოდებით პრობლემების მოგვარება არ შეიძლება, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა იყოთ დემოკრატიული და ერთიანი",- თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე თავდასხმების შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. აქციაზე რადიკალური ჯგუფების მხრიდან სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ამ მონაცემებით, მომხდარზე 23 პირია დაკავებული, თუმცა სამართალდამცველებს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.