"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, პარტია პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულებისთვის, რჩება. ჯაფარიძის თქმით, ისინი მიშელის დოკუმენტის ერთგული რჩებიან. განცხადება ჯაფარიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, კრამონის განცხადებები კრიტიკული იყო.
"მისი პოზიცია არის ძალიან კრიტიკული, მას ექნება ხვალ პრესკონფერენცია, სადაც ის თავის პოზიციას გამოხატავს. ჩვენ ვრჩებით ერთგული შარლ მიშელის შეთანხმების და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა აღებული ვალდებულება იქნას შესრულებული და ვიწყებთ ინტენსიურ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის. პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისთვის",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადების შემდეგ პარლამენტი დატოვა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტილებას დღეს, 29 ივლისს 15:00 საათზე გამოაცხადებს.