"ქართული ოცნების" დეპუტატი, ქეთი დუმბაძე, მმართველი გუნდის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას, ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ "ერთან ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში სიმშვიდე არ უნდა.
დუმბაძე ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან გადაწყვეტილება დაუფიქრებელი არ ყოფილა და ამ გადაწყვეტილებით მათ უარი არა დასავლეთს, არამედ "კონკრეტულად ამ ხელშეკრულებას უთხრეს".
"ეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ იყო. გუნდმა გადაწყვიტა, რომ ცალ კარში თამაში არ შეიძლება და იმიტომ. მთელი ამ ხელშეკრულების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური სიმშვიდე ყოფილიყო ქვეყანაში. ნაციონალურ მოძრაობას ეს არ უნდა. დასავლეთისთვის არ უთქვამს უარი ქართულ ოცნებას, უარი უთხრა ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას",- თქვა ქეთი დუმბაძემ.
დუმბაძე ამბობს, რომ ხელშეკრულების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა, მათ ეკისრებათ, ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რომ შარლ მიშელი მმართვე გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა, დუმბაძე პასუხობს: "შევასრულებთ..ალბათ"
"ერთი კვირის წინ იყო შარლ მიშელი ჩამოსული ბათუმში და შეხვედრაზეც უთხრა ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროთო. მაგრამ 100 დღე გავიდა და მათ ხელი არ მოაწერეს",- თქვა მან.
რაც შეეხება მთავარის ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდებოდა თუ არა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება კვლევებში დაბალ შედეგებს, დუმბაძემ თქვა, რომ ის კვლევებს ჯერ არ გაცნობია.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.