"საქართველოში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს", - ასეთ კომენტარს აკეთებს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე, "მთავარ არხთან" საუბრისას.
როგორც კორტნი აღნიშნავს, საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით უკან მოძრაობს.
"მართლაც ასე ჩანს, რომ საქართველო უკან მოძრაობს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, არსებობს მომენტები, როდესაც წინ მიდიხარ და მერე ადგილი აქვს უკუსვლას. ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი გვქონდა უკუსვლის გამოცდილება ცოტა ხნის წინ, თუმცა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. იმიტომ, რომ აქამდე დასავლეთში ყველას ეგონა, რომ ამ ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი ევროკავშირის წევრობა იყო, ახლა კი ისე ჩანს, რომ საქართველოს უფრო ღრმა შიდა დისკუსიები უნდა ჰქონდეს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით", - ამბობს უილიამ კორტნი.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.