"ევროპული მომავალი არის, ყველა იმ სირთულის გადაჭრის გზა, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს.
მათ შარლ მიშელს მიმართეს თხოვნით, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა "ქართულმა ოცნებამ" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.
"ჩვენ გვინდა გვქონდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს აქვთ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა, სადაც ჩვენი მშობლები არ მიდიან საზღვრებს მიღმა სამუშაოს საძიებლად და ქვეყანა, სადაც მოხუცებს აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები. ასეთ საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ. ევროპული მომავალი არის, ყველა იმ სირთულის გადაჭრის გზა, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს",- ამბობს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.