იდეალური ვითარება არსად არ არის, ზოგჯერ ხდება გარკვეული კრიმინალური შემთხვევები - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სხვა ქვეყნების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სამოგზაურო შეზღუდვებს ეხმაურება და ამბობს, რომ ,"კრიმინალთან დაკავშირებული ცალკეული სამწუხარო შემთხვევები" ყველგან ხდება. 

მისი თქმით, ტურისტები ისევ მშვიდობიან ქვეყნად განგვიხილავენ.

"ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები, სამწუხაროდ არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო, მთავარია, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება, და რა თქმა უნდა, დაგმობილია ჩვენგან იმიტომ, რომ არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს და ასეც იქნება", - თქვა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თურნავა თბილისში,  ავსტრალიის 31 წლის მოქალაქის მკვლელობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევები ქვეყანას დარტყმას აყენებს.

"ჩვენ გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება გარკვეული კრიმინალური შემთხვევები", - თქვა მან.

თურნავას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ რათა მსგავსი შემთხვევები "ერთეულად დარჩეს".

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი