"სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორგანიზაციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ ISFED-ის დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გივი მიქანაძემ კი ორგანიზაციას "დაბალი სტანდარტის მქონე" უწოდა.
"1 აგვისტოს, ხობში, მმართველი პარტიის დეპუტატმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ISFED-ის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს. ბერაიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს ''მატყუარა'' უწოდა და ''გამყალბებელი'', ''ქვეყნის გადამტრიალებელი'' და ''ნაციონალებთან [ენმ] შეკრული'' ორგანიზაციის წარმომადგენლად მოიხსენია.
29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევარებთან გამართულ შეხვედრაზე ''სამართლიან არჩევნებს'' ''დაბალი სტანდარტის მქონე'' სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას ISFED-ის გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა", - წერს ISFED.
ორგანიზაცია წერს, რომ მმართველი პარტიის წევრები ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვასა და მათი პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენებას.
ISFED მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს დამკვირვებლებზე ზეწოლა.