"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებულ სუს-ის უკანონო მოსმენებში "რადიო თავისუფლების" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ საკუთარი საუბარი ამოიცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.
მგელაძე ერთადერთი არაა, ვინც ჩანაწერების შინაარსს ადასტურებს.
"მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი - რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიაა, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.
თ.[ ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული.
ასევე თ.-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ.-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები.
ორიენტირი: გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით."
გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.
გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.