რა უნდა იცოდნენ ალერგიულმა ადამიანებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე და სჭირდებათ თუ არა მათ რაიმე სახის წინასწარი გამოკვლევა ან ვაქცინაციის გადავადება ალერგიული ფონის დროს.
საზოგადოებაში არსებობს მითი, რომ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს მწვავე გვერდით მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი.
"მთავარი არხის" ვებგვერდი ამ საკითხებზე ყველა სახის ინფორმაციის მოძიებას შეეცადა:
ვაქცინაციამდე რამდენიმე წუთით ადრე, ექიმი აცრის ყველა მსურველს რამდენიმე შეკითხვას უსვამს. ისინი ინტერესდებიან, აქვს თუ არა მას ალერგია საკვებზე, წამალზე ან თუნდაც სეზონური ალერგია, რომელიც ძირითადად ცემინებით გამოიხატება. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ადამიანს აქვს მსუბუქი ფორმით გამოხატული ალერგია, ის აუცილებლად უნდა აიცრას, აცრის შემდეგ კი მეთვალყურეობის ქვეშ, ჩვეულებრივზე ნახევარი საათით დიდხანს დარჩეს.
თუ ადამიანს ალერგიული რეაქცია წამლებზე ან სხვა ვაქცინებზე ჰქონია და მძიმე ფორმებით გამოვლენილა, ის ჯერ ალერგოლოგთან უნდა მივიდეს და სწორედ მისი რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედოს. აღსანიშნავია, რომ ალერგიის მძიმე ფორმებად განიხილება მდგომარეობა, რომელმაც პაციენტი კლინიკაში მოახვედრა, დასჭირდა გადასხმა და მისი პრობლემა სახლში მკურნალობით ვერ მოგვარდა.
ცნობილია ისიც, რომ თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია ექნება, ექიმთან კონსულტაციისა და მისი რეკომენდაციების გარეშე, მეორე დოზა ვერ გაუკეთდება.
Pfizer
ვაქცინას მწვავე ალერგიული უკუჩვენებები იშვიათად ახასიათებს და ის აცრიდან რამდენიმე წუთში ან მაქსიმუმ 1 საათში ვლინდება. ამიტომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ საშუალოდ 1 საათი უნდა მოიცადოთ და თუ მსგავსი გართულება მოხდა, შესაბამისი რეაგირება პროვაიდერმა უნდა მოახდინოს.
Sinopharm/Sinovac
სერიოზული უკუჩვენებები ამ ვაქცინების შემთხვევაშიც იშვიათია.
AstraZeneca
მაშინ, როცა კომპანიამ 32 ათასზე მეტ ზრდასრულში კვლევა ჩაატარა და ვაქცინის ეფექტიანობა განსაზღვრა, არც ერთი ვაქცინირებული არ მომკვდარა და არც ერთს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა 60% რისკ ჯგუფი იყო და მწვავე დაავადებები ჰქონდათ გადატანილი.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპის 20 ქვეყანაში ვაქცინის გამოყენება სავარაუდო სისხლის შედედების გამოწვევის გამო შეაჩერეს, ვაქცინის მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა.
რადგანაც რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად იყო AstraZeneca სისხლის შედედების გამომწვევი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მას კვლავ რეკომენდაციას უწევს, რადგანაც ვაქცინის ბენეფიტები რისკებს ბევრად გადაწონის.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი [CDC] მოქალაქეებს მოუწოდებს, მწვავე ალერგიული რეაქციების ქონის შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ ექიმთან კონსულტაციების შემდეგ აიცრან. აქვე, განმარტავენ, რომ თუ ადამიანებს ალეგრია საკვებზე, ცხოველებსა და მედიკამენტებზე აქვთ, ვაქცინაცია უპრობლემოდ შეუძლიათ.
იხილეთ ასევე: