16 წელი აგვისტოს ომიდან | დიდება გმირებს!

გამოქვეყნდა:

16 წელი აგვისტოს ომიდან  

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა; 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. 

რუსეთმა "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

"მცოცავი ოკუპაცია", ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

რუსეთის სამზადისი აგვისტოს ომისთვის 

ჯერ კიდევ 2006 წლის მარტში სოფელ ჯავის მახლობლად, რუსეთმა სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. მომდევნო 2 წელში მას კიდევ 2 ბაზა დაემატა, რომელთანაგანაც ერთ-ერთი, უგარდანთას ბაზა ის ადგილია, სადაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთიდან შემოჭრილი სამხედრო ძალები განთავსდნენ. 2008 წლის ივლისშივე, ცხინვალში, რუსი სამხედრო ექიმების ჯგუფიც დაბანაკდა. 

აგვისტომდე, ჯერ კიდევ 2008-ის აპრილიდან-ივლისამდე, ცხინვალის რეგიონში ბაზების მშენებლობის პარალელურად, აფხაზეთში რუსეთმა 500-ზე მეტი ჯარისკაცი და არტილერია გადაისროლა.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების პარალელურად, მაშინ როცა რუსეთს მოქმედებაში მოჰყავს სამხედრო ძალა, დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამასთან, ბუქარესტის სამიტიზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდნენ. რუსეთისთვის ეს გახდა საბაბი, სამხედრო მოქმედებები დაეწყო.

ვინ დაიწყო ომი?! - ამ უსაგნო დავას პუტინის ეს სიტყვები უსვამს წერტილს: "გეგმა გვქონდა და ამ გეგმით ვმოქმედებდით, ეს საიდუმლო არ არის. ადრეც მითქვამს, გენერალურმა შტაბმა მოამზადა და დავამტკიცე 2006 წლის ბოლოს ან 2007-ის დასაწყისში. ჩემი აზრით, სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე, ამ გეგმით ვამზადებდით სამხრეთოსურ სახალხო ლაშქარსაც... ეს გეგმა ჩემთან შეთანხმებული იყო".

დასავლეთში სწორედ 2008 წელს და მის შემდგომ შეთანხმდენენ, რომ რუსეთს, საქართველოში ინტერვენციით, ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა.

ბუქარესტის სამიტი

2008 წლის 2-4 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის MAP-ის მინიჭება განიხილებოდა. 

ალიანსიდან ამ გადაწყვეტილებას ემხრობოდნენ: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ევროპის რიგი ქვეყნები.

მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ბენელუქსის ქვეყნები.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კატეგორიულიად არ უჭერდა მხარს MAP-ის მინიჭებას. ის მიიჩნევდა, რომ ეს ორი ქვეყნა ალიანსის წევრობისთვის მზად არ იყო. გერმანია ამ გზით ცდილობდა რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის აცილებას. ევროპული უსაფრთხოების იდეა ირღვეოდა ნებისმიერი ტიპის ძალისმიერი მოქმედებით, ევროპაში თუ მის მიმდებარედ.

გერმანიის წინააღმდეგობამ დიდ როლი ითამაშა MAP-ის არმინიჭების გადაწყვეტილებაში. ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა მაშინ MAP-ს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებოდნენ. როდის - ბუქარესტის სამიტზე არ დაკონკრეტებულა.

მიუხედავად MAP-ის არ მიღებისა, დაპირების ამარად დარჩენილებს, რუსეთის დუმის წევრმა და კრემლის ანალიტიკოსმა სერგეი მარკოვმა გვითხრა, რომ "საქართველოს ნატოსთან მიერთება განხილული იქნება, როგორც კავკასიაში ომის გაჩაღების მცდელობა. უკრაინისთვის კი ნატოს წევრობა შედეგად რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას მოიტანს". 

2008 წლის აგვისტო

ჯერ კიდევ აგვისტომდე 2008 წლის გაზაფხულიდან უკვე შეინიშნება რუსების აქტიური გადაადგილება, პროვოკაციული ქმედებები და სროლებიც კი საქართველოს ტერიტორიაზე. 

1 აგვისტო - დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები, ერგნეთიდან და ნიქოზიდან გახსნილი ცეცხლს შედეგად არიან დაშავებულები და დაჭრილები, მათ შორის პოლიციელები. გარდაცვლილია 3 ადამიანი. ჯამში, 1 აგვისტოს საქართველოს 12 მოქალაქე დაშავდა.

2 აგვისტო - დაიბომბა 10-ზე მეტი სოფელი. დაშავდა 19. ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ქართული მხარე საპასუხო ცეცხლს წყვეტს. ამავე დღეს, ჩრდილო ოსეთის "ხელისუფლებას" დახმარების ხელს სთავაზობს რუსეთი და იწყება მოსახლეობის ევაკუაცია ცხვინვალიდან.

3 აგვისტო - სეპარატისტების სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი, მათ შორის - ზნაური და ველები. მათვე ცეცხლი გაუხსნეს დვანის ქართულ პოლიციას.

4 აგვისტო - რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბთან დაბანაკდა.10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოდის. ომის საფრთხე სულ უფრო აშკარაა. აქტიურდება საერთაშორისო საზოგადოება და ისმის მოწოდებები ძალისმიერი ქმედებების შესაჩერებლად.

5 აგვისტო - რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის. გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა. ევროკავშირი კვლავ მოლაპარაკებებს ითხოვს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

6 აგვისტო - გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა.

7 აგვისტო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაუვარდა სარადარო ჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ იგეგმება კიდევ რამდენიმე ქართული სოფლის დაბომბვა. პარალელურად, აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეჟიმის დასახმარებლად. 

7 აგვისტოს - გარდაცვლილია 10 ადამიანი, დაშავებულია 37, დაბომბილია 26 ქართული სოფელი.

7 აგვისტოს ქართული მხარე მობილიზაციას იწყებს. ამიტომაც ითვლება ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო და არა რომელიმე სხვა დღე.

8 აგვისტო - დაღუპულია 19, დაშავებულია 135 ადამიანი, დაიბომბა 36 სოფელი.

9 აგვისტო - რუსეთის პრემიერი, ვლადიმირ პუტინი ჩადის ვლადიკავკაზში სამხედრო ოპერაციის სამართავად. 
გორში ქართველ სამხედროებს ტყვედ აჰყავთ რუსი პილოტი.

საჰაერო თავდასხმები - ფოთის პორტზე, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე, კოპიტნარის აეროპორტსა და გორში. პარალელურად შეტევაა კოდორის ხეობაზეც. ამასთან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შემოდის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და იწყებს აფხაზეთის სანაპირო ზოლში პატრულირებას.

საქართველოს ხელისუფლება კი საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად, ერაყიდან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების იწვევს.

ქართულ ვებგვერდებზე ჰაკერული თავდასხმაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათები იდება.

10 აგვისტო - რუსები იკავებენ დიდი ლიახვის ხეობას. როკის გვირაბის გავლით დამატებითი ძალა შემოდის. დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კოდორის ხეობა. ქართული მხარე ტოვებს ცხინვალს. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს ატყობინებს, რომ ტოვებს ტერიტორიას და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

დაიბომბა გორი და ანაკლია, ქართულ მხარეს კოდორიდან მოსახლეობაც გამოჰყავს. საქართველო, რუსეთის საელჩოს თბილისში, კვლავ ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.

გრიგორი კარასინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის პირობები - საქართველოს ჯარები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციაზე და უნდა იკისრონ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.

მოლაპარაკებებში ერთვება ნიკოლა სარკოზი. მედიატორის როლს საქართველო კონდოლიზა რაისს სთხოვს. მოლაპარკებებისთვის ჯერ თბილისში და შემდეგ მოსკოვში ჩადიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ სტუბი.

11 აგვისტო - მოლაპარაკებებში დასავლეთის ჩართულობის მიუხედავად, გრძელდება ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა მათ შორის ზემო აფხაზეთში, აჭარასა და სხვა რეგიონებში. სენაკსა და ზუგდიდში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ.

ამავე დღეს, რუსეთის სამხედრო გემები ბლოკავენ საქართველოს შავი ზღვის შემოსასვლელს.

ცხინვალში რუსული ტანკები გადაადგილდებიან, რეგიონში სოფლებს რუსები იკავებენ.

ქართული შეიარაღებული ძალები ამაგრებენ თბილისის შემოსასვლელს - არსებობდა თბილისში რუსის შემოჭრის საფრთხეც.

დასავლური მედია აჭრელებულია სტატიებით პუტინზე და მის აგრესიულ ქმედებებზე.

12 აგვისტო - რუსეთის ვერტმფრენი ავტომაგისტრალზე, გორის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს უხსნის ცეცხლს და იღუპება 9 სამოქალაქო პირი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ანადგურებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. გრძელდება რუსების მიერ გორის რაიონის სოფლების დაკავებაც. რუსები კეტავენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალს. 70 ერთეული ჯავშანტექნიკითა და 600 ჯარისკაცით რუსები იკავებენ კოდორის ხეობას. ნიკოლა სარკოზი ესაუბრება ვლადიმერ პუტინს.

ქართული მხარისათვის, მაგრამ არა რუსეთისთვის მისაღები რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განიხილება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც საფრანგეთის მიერაა შეთავაზებული.

ამავე დღეს, საქართველოს მთავრობის ცნობით, დაჭრილია 45 ჯარისკაცი და დაღუპულია 47 სამოქალაქო პირი, დევნილთა რაოდენობა კი 25000-ია.

თბილისში ვიზიტით ჩამოვიდნენ: აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი; სენატორი ჯონ მაკკეინი; ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი; უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო; ლატვიის პრემიერმინისტრი; ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი; პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში ჩამოდის ნიკოლა სარკოზიც.

რუსთაველზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახმოვანებს, საქართველოს დსთ-დან გასვლის თაობაზე.

13 აგვისტო - აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანს საგანგებო მისიით გზავნის საქართველოსა და საფრანგეთში.

ქართული სოფლების მცხოვრებნი თავს ტყეებს აფარებენ. შსს-ს მონაცემებით, ამ დღეების განმავლობაში ქურდობის 1040, ძარცვის 89, ყაჩაღობის 132, გაუპატიურების 13, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 7 და ნივთის დაზიანების 164 შემთხვევა დაფიქსირდა.

14-15 აგვისტო - დევნილებისთვის იშლება კარვები, გორსა და ზუგდიდში კვლავ რუსული ტანკები გადაადგილდებიან. რუსეთის ვერტმფრენები ბორჯომი-ცემის ტყეების თავზე ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან. ბორჯომისა და მიმდებარე ტერიტორიის ტყის მასივში ხანძარი 26 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

16 აგვისტო - საქართველოსა და რუსეთს შორის 6-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვითაც ორივე მხარეს სამხედროები ომამდე არსებულ ხაზზე უნდა დაებრუნებინა, კრემლმა კი ეს შეთანხმებაც დაარღვია.

26 აგვისტო - რუსეთის მაშინდელი პრზიდენტი, დიმიტრი მედვედევი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას უჭერს მხარს - "მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე". აგვისტოს ომის დაწყებაში კი მედვედევმა ქართული მხარე დაადანაშაულა და ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა.

რა ხდებოდა აფხაზეთში?

2008 წლის 17 აპრილს პუტინმა ოკუპირებულ აფზახეთში რუსი სამხედროები განალაგა.

მაისში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო ძალები დამატებით შეიყვანა.

ივლისში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ჩაკეტა.

8 აგვისტოს, სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, აფხაზეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა ცხადდება - "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული ხელისუფლების დახმარების გასაწევად.

აგვისტოს ომის გმირები

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს. 

2008 წლის აგვისტოს ომს ასზე მეტი გმირი ჰყავს.

მათი ნაწილი, თვეობით დაკარგულად მიიჩნეოდა, მათ შორის იყო 24 წლის გიორგი ანწუხელიძეც, რომელიც 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა. უმცროსი სერჟანტი, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა, წამების შემდეგ კი ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. რუსმა ჯარისკაცებმა წამების დროს ტელეფონით ვიდეო გადაიღეს, მას მიწაზე კოცნა ზურგში ფეხის რტყმითა და დამცირებით მოსთხოვეს. ამის ამსახველი კადრები 2009 წლის იანვარში გავრცელდა.

გიორგი ანწუხელიძის იდენტიფიცირება ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით მოხდა.

გმირებს შორისაა შმაგი სოფრომაძე -  24 წლის ჯარისკაცი, რომელიც ოსებს ტყვედ ჩუვარდათ. მას საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს - უარი მიიღეს. 24 წლის ჯარისკაცს ხელებზე შეატყვეს, რომ ტანკისტი იყო და დახვრიტეს.

შმაგი სოფრომაძეს და გიორგი ანწუხელიძეს 2-2 შვილი დარჩათ.

"ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ" - ამ სახელით გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 8 აპრილს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მომზადებული სარჩელი.

დიდება გმირებს!

წიგნები და მემუარები აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომზე არაერთი წიგნი და მემუარი დაიწერა. ომიდან 12 წლის შემდეგ კი, 2020 წლის 24 ივლისს ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებს აქვეყნებს, რომელსაც "ქარიშხლების ეპოქა" უწოდა. მემუარებში აგვისტოს ომის უმძიმეს ხუთ დღეს დეტალურად იხსენებს. სარკოზი წერს იმასაც, რომ 2008 წლის დასასრულს ნათელი იყო, რომ საქართველომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გადარჩენა მოახერხა. ნიკოლა სარკოზის მემუარების 500 გვერდიდან საქართველოს 13 გვერდი ეთმობა.

რონალდ დ. ასმუსის წიგნი ასევე 2008 წლის აგვისტოს ომზე დაიწერა, სათაურით - "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო".

ფილმი 

"აგვისტოს 5 დღე" - გადაღებები მიმდინარეობდა გორში, ვაზიანსა და თბილისში. ფილმში მონაწილეობენ: ენდი გარსია (პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი), რუპერტ ფრენდი (ამერიკელი ჟურნალისტი თომას ანდრესი), იონათან შეხი (ოფიცერი რევაზ ავალიანი), ველ კილმერი (საქართველოში მომუშავე ნიდერლანდელი ჟურნალისტი) და სხვა მსახიობები.

ჰააგაში გამართლებული საქართველო

2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა

დადასტურდა, რომ აგვისტოს ომში, ქართულ მხარეს ბრალი არ მიუძღვის და დამნაშავეებად გამოცხადდნენ რუსული და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან: დე ფაქტო ცხინვალის მაშინდელი "შს მინისტრი" მიხაილ მინძაევი, დე ფაქტო ცხინვალის შსს-ს წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი და დე ფაქტო ცხინვალის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენლი დავით სანაკოევი.

ჰააგას გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა ევროსასამართლომაც.

28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი