დაპირისპირება კასპის სოფელ ახალქალაქში - მოკლულია 50 წლის გიორგი გობაშვილი, მძიმედაა დაჭრილი სოფელ ნოსტეში მცხოვრები კიდევ 2 კაცი.
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გვიან ღამით მეორე სოფლიდან კაცები ლუდის საყიდლად მაღაზიაში გადავიდნენ. არსებული ინფორმაციით, არ გამოირიცხება ამ დაპირისპირებაში არც სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა, რომლებიც შორიახლოს იმყოფებოდნენ.
"აქ ბავშვები ისხდნენ, ესე მე-10 მე-11 კლასის ბავშვები, მერე წავიდნენ ზევით და იქ მოსვლიათ ნოსტელებთან ჩხუბი. სკოლის მოსწავლეები იყვნენო ასე თქვეს, ზუსტად არ ვიცი. ერთი მოკლეს და ორი დაჭრეს, ლუდს ითხოვდნენ და ვინ მისცემდა ღამის 2 საათზე", - ამბობ ერთ-ერთი ადგილობრივი.
კლინიკა "მედალფაში" ამბობენ, რომ 50 წლის კაცს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაჭრილთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის სავარაუდოდ თბილისში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა დაკავებული არაა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის 26 წლის სოფელ ახალქალაქის მცხოვრებია.