მერია: "თბილსერვისის" გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა

გამოქვეყნდა:

მერიის განცხადებით, "თბილსერვის ჯგუფის" გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. უწყებაში ამბობენ, რომ გაფიცულების მოთხოვნებს გაეცნენ და მათი დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.

"კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის შესახებ და დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს", - წერია მერიის განცხადებაში. 

ცნობისთვის, "თბილსერვისის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე კომპანიის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და აქციას აგრძელებენ. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გაფიცულების ნაწილი ადგილზე მერის - კახი კალაძის მისვალსაც ითხოვს.

თანამშრომლები ითხოვენ ხელფასი 50%-ით გაიზარდოს, კომპანიამ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი