გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორის, გიორგი ჩალაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო 22 სექტემბერს იმსჯელებს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების არ ქონის გამო გადაიდო. პოლიციას სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო გიორგი ჩალაძის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომა ანუ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
მოსამართლემ ჩალაძე სასამართლო სხდომის გამართვამდე გაათავისუფლა. ჩალაძე ამბობს. რომ წინასწარი მოთავსების იზოლატორში მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა. მის ნათქვამს კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომელი და ჩალაძის ნათქვამს "სიცრუესა და ცილისწამებას" უწოდებს.
" თავისი მეწყვილე ოთახიდან გავიდა, თქვენს კამერებში ეს ჩანს. დაიხარა და დაიწყო ჩემი უშვერი სიტყვებით გინება. ცდილობდა, რაიმე ფორმით წამოვსულიყავი პროვოკაციაზე და მისთვის ან ხელი მომერტყა ან გამეწია გვერდზე. გარდა იმისა, რომ ხელი დაზიანებული მაქვს, კიბეზე ჩასვლისას ხელი მკრა",- თქვა ჩალაძემ სასამართლო პროცესზე.
გიორგი ჩალაძე ამტკიცებს, რომ მისი დაკავება ქართული ოცნების პოლიტიკური დევნის ნაწილია. მის დაკავებას რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს უკავშირებს.
ცნობითვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.