2012 წლის აგვისტოში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო შეტევა წინასწარ იყო განზრახული და მისი მეთაურობით მომზადდა. მან ასევე დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე, რუსი სამხედროები შეიარაღებას აწვდიდნენ და ამზადებდნენ ადგილობრივ სამხედროებს სამხრეთ ოსეთში, საქართველოდან სეპარატისტულად გამოყოფილ რეგიონში.
იქამდე მოსკოვი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს წამოწყებული სამხედრო შეტევა მხოლოდ საპასუხო რეაქცია იყო 24 საათით ადრე სამხრეთ ოსეთზე თბილისის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.
სინამდვილეში კი, თავად ვლადიმერ პუტინის აღიარებით, საქართველოსთან ომი 2008 წლის მოვლენებამდე თითქმის ორი წლით ადრე იყო დაგეგმილი.პუტინმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა:
იყო გეგმა, ეს არ არის საიდუმლო... ეს იყო იმ გეგმის კონტექსტში, რომელშიც რუსეთი მოქმედებდა. გეგმა გენერალური შტაბის მიერ მომზადდა 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში. ეს შემითანხმდა და დამტკიცდა ჩემს მიერ, - თქვა 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა.
ამ გეგმის თანახმად, მძიმე შეიარაღება და ჯარები საქართველოში შეჭრისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.
ხანმოკლე, ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მიუხედავად საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო პირობებისა, რუსეთი მას შემდეგ კვლავაც ინარჩუნებს სერიოზულს სამხედრო ძალას ამ ტერიტორიებზე.
პუტინის განცხადებამ გააქარწყლა ადრინდელი მტკიცებები, რომ ომამდე მოსკოვს სეპარატისტულ რეგიონებში მხოლოდ „სამშვიდობო“ კონინგენტი ჰყავდა, გარდა ამისა მან პირველად დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტევის დაწყებამდე რუსი სამხედროები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ და წვრთნიდნენ ადგილობრივ სამხედროებს, რითაც არღვევდნენ საერთაშორისო კანონებს. „როგორც ამ გეგმის ნაწილი, ჩატარდა სამხრეთ ოსეთის სამხედროები სწავლება“ - განაცხადა პუტინმა და იქვე დაამატა: „ჩვენი სამხედრო სპეციალისტები თავდაპირველად თვლიდნენ, რომ ოსი სამხედროები ვერ შეძლებდნენ დახმარებას რეგულარულ არმიებს შორის დაპირისპირებაში, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ჩვენთვის ძალიან სასარგებლონი აღმოჩნდნენ“.
სამხედრო აგრესიის განზრახვის აღიარება და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ჯარების ინტეგრაცია რუსეთის გენერალური შტაბის გეგმაში ძირს უთხრის ოფიციალურ ვერსიას, რომელსაც მოსკოვი დიპლომატიური და ეკონომიკური ინტერესების გამო დასავლეთს უამბობდა. რუსი სამხედრო ექსპერტის, პაველ ფელგენგაუერის აზრით, ეს ყველაფერი ბადებს კითხვებს შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის მიერ შედგენილი და ევროკავშირის სახელით გამოქვეყნებული დასკვნის „პატიოსნებაზე“, რადგან დასკვნა ადანაშაულებს ქართველებს ომის დაწყებაში და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ შეტევის წამოწყებაში, რითაც ფაქტობრივად ამართლებს რუსეთის სამხედრო აგრესიასაც.
ოთხი წლის განმავლობაში, თბილისი იმეორებს, რომ შეიარაღებული შემოტევა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ განზრახულ აგრესიულ ქმედებას და რომ ქართული ძალების საპასუხო შეტევა გამოიწვია იმან, რომ რუსეთს ძალები აპირებდნენ საზღვრის გადმოკვეთას და ქვეყანაში შემოჭრას. საქართველოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო რუსეთის რეაქცია „საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე“, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს განვითარების მაგალითს უჩვენებდა და ემუქრებოდა რუსულ მოდელს. ეს ასევე იყო საპასუხო რეაქცია კოსოვოს დამოუკიდებლობაზე, რამაც კრემლს იმედები გაუცრუა.
თბილისის წინააღმდეგ წინასწარ განზრახული შეტევითი ხასიათის ოპერაციის გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინმა თითი დაუქნია დასავლეთს. „ეს არანაირად არ ყოფილა პუტინის მხრიდან დაშვებული შეცდომა“, - თქვა საქმეში ჩახედულმა ერთმა ადამიანმა. გარდა ამისა, კონფლიქტის შესახებ გადაღებულ ფილმში, შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეჭრა დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგეგმილი და რომ მეთაურებმა წინასწარ მიიღეს შესაბამისი დავალებები.
პუტინის აღიარების საპასუხოდ, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გაეგრძელებინა ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ რათა ამ უკანასკნელს გაეყვანა საკუთარი ჯარები და პატივი ეცა მეზობლების სუვერენიტეტისთვის. საქართველოს განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო კონტიგენტის ზრდა და პოზიციების გამყარება „სერიოზულ და უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“.
სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი იყო ერთ-ერთი ვინც 2008 წლის ომი იწინასწარმეტყველა. 2012 წელს მან კიდევ ერთხელ გააჟღერა შემაშფოთებელი ცნობა: „სავარაუდოდ რუსეთის გენერალურ შტაბს აქვს კიდევ ერთი გეგმა რომ შეიჭრეს და დაიპყროს საქართველოს დარჩენილი ნაწილი. 2008 წლის მსგავსად, აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე პირის, ვლადიმირ პუტინის მიერ იქნება მიღებული“...
წყარო: damoukidebloba.ge
სტატია პირველად გამოქვეყნდა 2012 წლის 10 აგვისტოს, ფრანგულ გაზეთში Le Figaro და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
იხილეთ ასევე: