1 თვე 5 ივლისის ძალადობიდან და დაუსჯელი ორგანიზატორები - მიმართვა შსს-ს

გამოქვეყნდა:

დემოკრატიის კვლევითმა ინსტიტუტმა შსს-ში წერილი გააგზავნა და კიდევ ერთხელ მოითხვა სწრაფად გამოიძიონ 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებები, გამოავლინონ და შესაბამისად დასაჯონ ორგანიზატორები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ გაჭიანურებული გამოძიება აღმავებს ეჭვებს, რომ ხელისუფლება მთავარ მოძალადეებს მფარველობს:

..."დღეის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშნული მასშტაბის ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზატორების დაუსჯელობა, აძლევს მათ ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკების შემცველია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების ცალკეული ლიდერების მიმართ უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება. კერძოდ, დღემდე შედეგი არ მოჰყოლია გამოძიებას შემდეგ ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძის და გურამ ფალავანდიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე.
აშკარაა, რომ როგორც 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე 5 ივლისის შემდგომ, აღნიშნული პირები, ლგბტქ თემისა და მათი მხარდამჭერთა შეუწყნარებლობის მოტივით მონაწილეობას იღებენ არაერთი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტი და იკვეთება დასაბუთებული ვარაუდი აღნიშნული პირების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაზე"... ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.

განცხადება სრულად 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები. საგამოძიებო უწყებამ ამისთვის საკმარისი საფუძველი ვერ დაინახა. არადა 5 ივლისის კადრებში კარგად ჩანს მოძალადეების ქმედებები, როგორ ცდილობდნენ ისინი მოძრაობის ოფისში შეჭრას. სწორედ იმ ადგილას სცემეს ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

"სირცხვილია" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, არ არის გამორიცხული საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წავიდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი