თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს სასამართლო პროცესი იწყება. მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 13 აგვისტოს გამოაცხადებს. ჟურნალისტი სამივე თავდამსხმელზე პატიმრობას ითხოვს, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ დაუსჯელობის განცდამ გამოიწვია 5 ივლისი და ჟურნალისტებზე მიტანილი შტურმი.
"მოლოდინი არის ერთადერთი- ეს ხალხი უნდა გამტყუნდეს, იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულება არსებობს. მოსამართლემ ყველა მტკიცებულება ნახა, პირდაპირ კადრებში ჩანს ყველაფერი. გაბათილებულია მათი "არგუმენტები" ამ "მოგუნდავე ბავშვების", გაბათილებულია უტყუარი მტკიცებულებებით". ვიდრე არ იცოდნენ, რომ ვიდეოკადრები არსებობდა, ტყუოდნენ და ზღაპრებს თხზავდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ თავისავე ტყუილებში გაებნენ ",- ამბობს ვახო სანაია.
საქალაქო სასამართლოსთან ვახო სანაიას მხარდასაჭერად მისი კოლეგები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ სანაიაზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი, ისევე, როგორც 5 ივლისის მოვლენები.
სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან დაკავებულების მხარდამჭერებიც, ისინი მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. სანაიას საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები კი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამამტყუნებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
"მე მოველი გამამართლებელ განაჩენს იმიტომ, რომ არც თვითონ დაზარალებული და არც თვითონ მოწმე არ ამბობს რომ გიორგი სახელაშვილმა ერთხელ მაინც ახსენა სიტყვა ჟურნალისტი ან ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, რაც მას ბრალად აქვს წაყენებული".- ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.
ცნობისთვის, ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.