თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოში - ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე, შესაბამისად, საქართველოში, სავარაუდოდ, მას იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია, თუმცა, არსებობს 2020 წლის 6 აგვისტოს დადგენილება, რომელიც ამტკიცებს შეთანხმების ძალაში შესვლას.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს. უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია. ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით, საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს - ნათქვამია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებაში.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი კი სწორედ მსგავს ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას.
"ადამიანის უფლებათა სახლი, მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მოგვმართონ სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში." - ნათქვამია HRHT-ის განცხადებაში.
ამავე თემაზე: