მხოლოდ 4 ადამიანისთვის წარდგენილი ბრალი, ექსპერტიზა, რომლის საბოლოო პასუხი ჯერ არ არის ცნობილი და ხელისუფლება, რომელიც არ აღიარებს ძალადობას და მკვლელობას.
დღეს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. გამოძიება ამ დროის განმავლობაში წინ არც ერთი ნაბიჯით არ წასულა. სულ რაღაც ერთ დღეში შეგროვებული ვიდეო კადრების და საეჭვო მტკიცებულებების ფონზე სამართალდამცველების უმოქმედობა მხოლოდ ამძაფრებს ეჭვს, რომ ნარკოტიკების ვერსია მხოლოდ ლექსოს დისკრედიტირებისთვის იყო მოგონილი.
დუმს ხელისუფლებაც. ჟურნალისტების პროტესტის პირველი ტალღის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა საერთოდ დაივიწყა მის მიერ წახალისებული ძალადობის და მკვლელობის ისტორია.
ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯა არ უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს, მათ შორის ვიდეოკადრები და მედიის წარმომადგენლების არაერთი ჩვენება. აქვთ მოძალადეების აღიარებაც, რომლებიც პირდაპირ ეთერებშიც კი არ ერიდებიან ამის დამალვას.