შეზღუდვების ახალ კანონს "საია" საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტმა არ გაიზიარა სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის არც მათი მოწოდება მხარი არ დაეჭირა აღნიშნული კანონისთვის. 

"საიაში" ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობას პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიანიჭა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება სხვადასხვა უფლებების შეზღუდვისთვის გამოიყენებს.

"სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე  უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს. დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, მის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით შეზღუდოს ზემოთ დასახელებული უფლებები", - აღნიშნულია "საია"-ს განცხადებაში.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შეზღუდვების კანონი არაკონსტიტუციურია როგორც გადაადგილების, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებითაც. გარდა ამისა, "საიაში" მიაჩნიათ, რომ ამ კანონის მიღებით, პარლამენტმა თავის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე თავადვე თქვა უარი.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით... საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას", - ნათქვამია "საიას"განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონი პარლამენტმა გუშინ, 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. სწორედ ეს კანონი აძლევს მთავრობას საშუალებას, მოსახლეობას შეზღუდვები, 15 ივლისამდე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დაუწესოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი