თბილისის მერის პირველი კომენტარი "თბილსერვისის" თანამშრომლის ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კახა კალაძე ამბობს, რომ ბაღდავაძე "პროტესტის გამო არავის გაუთავისუფლებია".
პროტესტის გამო არავის არ გაუთავისუფლებია. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს იყო თანამშრომლების მოთხოვნა და ეს იყო ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც თავისი თანამშრომლებიც მიმართ განახორციელა. სხვათაშორის, თქვენ რომელ ტელევიზიას წარმოადგენთ? თქვენივე ტელევიზიის მეშვეობით შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანამშრომლებს, - ამბობს კახა კალაძე და "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიმართავს.
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი მისი ხმაურიანი განცხადებები გახდა "თბილსერვისში" არსებული კორუფციისა და დამამცირებელი სამუშაო პირობების შესახებ.
თბილისის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.