დამნაშავეებს ვიპოვით და მომხდარის გამო პასუხს ვაგებინებთ - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავრცელებს და ქაბულის აეროპორტში აფეთქების მოწყობის გამო ტერორისტებს უმკაცრესი ქმედებებით ემუქრება.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკელ სამხედრო მეთაურებს გეგმის შემუშავება და ისლამური სახელმწიფოს ობიექტების განადგურება დაავალა.
ასევე ცნობილია რომ მომხდარის გამო ჯო ბაიდენმა რამდენიმე ოფიციალური ვიზიტიც გააუქმა. ქაბულის აეროპორტში მოწყობილი ტერორისტული აქტი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმაც, ანგელა მერკელმა, ბორის ჯონსონმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.
ქაბულში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, 200- მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ამერიკელი ჯარისკაცია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით ინციდენტი ქაბულის აეროპორტთან ხალხმრავალ ადგილას თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ აიღო". მომხდარის გამო საერთაშორისო საზოგადოება სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.