პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა და მათთან ერთად მძიმე კოვიდ ვითარების შესახებ ისაუბრა. პარტიაში გიორგი ჩახუნაშვილი და ვილი პაჭკორია კოვიდ მიმართულებით იმუშავებენ.
ელენე ხოშტარიას თქმით, კოვიდთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებზე იმუშავებენ:
1. შეწყდეს პანდემიის მართვის დროს პოლიტიზებული გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ არასწორი მართვის შედეგების მოქალაქეებსა თუ მედპერსონალზე გადაბრალება.
2. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ განცხადებებითა თუ ქცევით ვაქცინაციისა და კოვიდ რეგულაციის დაცვის მოწინააღმდეგეთა წახალისება.
3. დაიწყონ მუშაობა აცრის მობილურმა ჯგუფებმა იქ, სადაც არ არსებობს სამედიცინო პუნქტები, დაიწყოს ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკასა თუ პოლიკლინიკაში. ასევე შესაძლებელია, ამ პროცესში სააფთიაქო ქსელების ჩართვა.
4. აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, ვაქცინირებულთა დღიური რიცხვი უნდა გაიზარდოს 40 000-მდე, რათა სექტემბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ მიაღწიოს 1 200 000-ს, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას.
5. აუცილებლად უნდა შესრულდეს უკვე გაცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 15 სექტემბრამდე ყველა იმ სკოლას, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს უნდა ჰყავდეს გადამზადებული ექიმი. ხოლო 2022 წლის სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც იქნება სასწავლო სივრცეში ეპიდემიოლოგიური რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი.
6. გამკაცრდეს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, რადგან რუსეთის მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ ყალბი კოვიდ პასპორტებით და ხდებიან ვირუსის გავრცელების წყაროები.
როგორც გუნდის ახალი წევრები აცხადებენ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშეა რაზეც პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, მათივე განმარტებით ქვეყანაში პანდემიის პირობებში დღეში 70 გარდაცვლილი ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია და მედიკოსებს ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.