"ქართული ოცნების" გავლენიან პირებს შორის მომხდარ კრიმინალურ გარჩევასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი არჩევნები გახდა. "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ მთაწმინდის გამგებელს შუა ქუჩაში იარაღი დაადო და ლიკვიდაციით დაემუქრა. შემთხვევა დღისით, თბილისის ცენტრში მოხდა. ფაქტს სათვალთვალო კამერებიც იწერდნენ, თუმცა იმის გამო, მომხდარში გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფებებიც არიან გარეულნი, ყველა დუმილის რეჟიმშია.
"შაბათის მთავარში" გასულ რეპორტაჟს პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია მმართველი გუნდის კრიმინალურ მმართველობაზე საუბრობს.
ეს კონფლიქტი იყო დაკავშირებული იმასთან, თუ ვისი საძმაკაცო შეჭამდა და შეთქვლეფდა ამ გამგეობის ბიუჯეტს. ეს ეპიზოდები ყველაფერი ერთად გვაძლევს საშუალებას ჩამოვყალიბდეთ, თუ რა არის "ქართული ოცნების" საკრებულო, რას წარმოადგენს "ქართული ოცნების" საკრებულო და რა არის ის გუნდი, რომელსაც კახა კალაძე ეყრდნობა ქალაქში და შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, თუ რატომ არ არის ქალაქში მოწესრიგებული ძალიან ბევრი რამ, თუ რატომ არ არის თვითმმართველობები და ზოგადად მერია ორიენტირებული ადამიანების პრობლემების გადაჭრაზე, იმიტომ, რომ ისინი არიან დაკომპლექტებული ასეთი ადამიანებით,- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მურთაზ ზოდელავა.
"ქართული ოცნების" მხრიდან სისტემურ დანაშაულზე საუბრობს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძეც. მისი თქმით, ხელისუფლებამ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული დამალა.
ხელისუფლებამ დამალა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. არ ამოიღო ვიდეოკამერები, არ დაკითხა მოწმეები და არ დაიწყო გამოძიება. რატომ გააკეთა ეს? გააკეთა იმიტომ, რომ სახეზეა სისტემური დანაშაული. სისტემამ, ანუ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, არ გამოემჟღავნებინა ფაქტი, მათ შორის ის, თუ როგორ დასვდება საკრებულოს მოქმედი დეპუტატი იარაღით მთაწმინდის მოქმედ გამგებელს. "ქართული ოცნება" იქცა ერთ დიდ დანაშაულის სინდიკატად, - ამბობს გიორგი კაპანაძე.