ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები რაც აძლევთ საშუალებას, უფრო სწრაფად შეამცირონ ვალის აღების მაჩვენებელი.
სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა განცხადება პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა.
"რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს - მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.
როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
შესაბამისად, ყველა სახის განცხადება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე - არის უსაფუძვლო", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, პარტნიორებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ უზრუველყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამავე განცხადებაში EU-მ მხარეებს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეახსენა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.
მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით განმარტა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.
ამავე თემაზე 30 აგვისტოს "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.