"კარგად ვისწავლოთ კითხვა..." - ზალკალიანი EU-ს კრიტიკასა და განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც იმეორებს, რომ ეკონომიკას პოზიტიური დინამიკა აქვს და ამ ფონზე ევროკავშირისგან ახალი სესხის აღება გაუმართლებელი იქნებოდა. მისი აზრით, ეს საგარეო ვალისთვის კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნებოდა. 

ზალკალიანმა მედიას მოუწოდა ნუ წარმოაჩენენ "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას ისე, თითქოს ქვეყანამ კურსი შეიცვალა.

"ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტები იყო აბსოლიტიურად გასაგები და მე მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა, იმ განცხადებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობას, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურის და გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს" - თქვა დავით ზალკალიანმა.

მან ჟურნალისტებთან ევროკავშირის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ წაიკითხა და აღნიშნა, რომ პრობლემა ვალდებულებების არასაკმარის შესრულებაშია. 

"გვესმის რომ ეს პირობითობა იყო ჩადებული, არავინ უარყოფს ამას. ჩვენ ვამბობთ, და ეს პოზიცია დაფუძნებულია იმ სამართლებრივ შეფასებებზე, რომლებსაც აკეთებენ იურისტები, ასევე, ვენეციის კომისიიდან მიღებული რეკომენდაციები, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანწილად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს აქ პოზიციების შეუსაბამობას", - თქვა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ამავე განცხადებაში EU-მ მხარეებს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეახსენა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით განმარტა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ამავე თემაზე 30 აგვისტოს "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი