მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რომ მის მიმართ პერსონალური სანქციები დაწესდეს.
სანქციებთან დაკავშირებით, ვიოლა ფონ კრამონმა გუშინ, 31 აგვისტოს ისაუბრა და თქვა, რომ სანქციები შესაძლოა რამდენიმე მოსამართლის მიმართაც იყოს.
თავად მურუსიძის თქმით, ის პოლიტიკურ შეფასებას ახლა ვერ გააკეთებს, კომენტარის ნაცვლად კი მან "ფორმულას" ჟურნალისტს ლექსი წაუკითხა:
"თუ დაწესდება სანქციები, მერე დამირეკეთ და პირადად მე რაც შემეხება მერე დამირეკეთ და გაგცემთ პასუხს. კომენტარებს ვერ გავაკეთებ, მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს, პოლიტიკურ თემებზე არ შემიძლია გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება.
კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთი ის არის, თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად? ერთი ასეთი ლექსია:
არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,
ცხოვრებამ მოხეტიალემ ბევრჯერაც მიშარა
თვალამღვრეული დავდივარ მიშავდა არა მიშავრაო -გამიგეთ?
თუ ჩემზე იქნება პერსონალური სანქციები, შემდეგ გაგცემთ პასუხს. მე მიმაჩნია ზოგადად, რომ არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რომ ჩემზე პირადად რამე სანქციები იყოს. მე ვარ რიგითი მოსამართლე, ვიხილავ საქმეებს",-უთხრა ლევან მურუსიძემ ფორმულას ჟურნალისტს.
ცნობისთვის, მოსამართლეების მიმართ სანქციების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 31 აგვისტოს, თქვა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და დახმარებას, რომელსაც ის სესხს უწოდებს, აღარ გვჭირდება.