ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კორონავირუსის მართვა ევალება, გაუმჭვირვალედ და დემოკრატიის დაბალი სტანდარტით მუშაობს.
"როგორ მუშაობს საბჭო, არის სრულიად გაუმჭვირვალე და არათუ მათი სხდომები არ გადაიცემა მედიით, რაც იქნებოდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, სხდომის ოქმების მოწოდებაც არ უნდათ" - ამბობს ნაცვლიშვილი.
მან საბჭოს სხდომის ოქმების მიწოდება კიდევ ერთხელ, საჯაროდ, მედიით სთხოვა, ასევე, მიმართა შესაბამისი წერილითაც. ნაცვლიშვილის თქმით, თუ ოქმებს კვლავ არ მიაწოდებენ, სასამართლოს მიმართავს.
"მომიწევს, ვიდავო სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი, პრინციპული და ღირებულებითი საკითხია - გაასაჯაროვეთ, რა კვლევებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით უწყვეტთ საზოგადოებას, როგორ ვიცხოვროთ" მიმართავს ნაცვლიშვილი საბჭოს.
საკოორდინაციო საბჭოს ბოლო, 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბერს არ აღდგება, თარიღმა 13 სექტემბრამდე გადაიწია
გარდა ამისა, სწავლა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში განახლდება.