"გამორიცხულია, ქართული ოცნება ამ შეთანხებას არ დაუბრუნდება" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, დაუბრუნდება თუ არა შეთანხმმებას "ქართული ოცნება" მას შემდეგ, რაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ირაკლი ღარიბაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ფარსს უწოდებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ნაცოპნალური მოძრაობისგან" შეთანხმებაზე ხელმოწერას მაშინ ექნებოდა ფასი, როცა მას ხელს ყველა პარტია აწერდა.
"ეს არის ფარსი და სიყალბე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა, მაშინ როცა ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის, უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი, ყველა იმ ფაქტორი გათვალისწინებით, რაც მაშინ იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ პარტნიორებს.
წარმოიდგინეთ, მათთვის და რეალურად ჩვენი სახელმწიფოსთვის, გადავდგით კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია და პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო. ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ, ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში, იყო ვაჭრობა, ბაზარში როა ვაჭრობა ისეთი ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან",- თქვა ღარიბაშვილმა.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დღეს, 2 აგვისტოს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა. მელიამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი პარტიისთვის მიუღებელია, თუმცა სახელმწიფოებრივი რისკების გამო, მზად არიან 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
ცნობისთვის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ოპოზციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტს წინ უძღოდა ოპოზციის საპარლამენტო ბოიკოტი და 6-თვიანი მოლაპარაკებები, რომელსაც მედიაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უწევდა. ხელმომწერ პარტიებს შორის არ ყოფილან, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".
მიშელის შეთანხმება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას შეეხებოდა. ამასთან დოკუმენტში საუბარი იყო ვადამდელ არჩევნებზე. იმ შემთხვევაში თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო.
28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის თანხა არა დახმარება, არამედ ვალია და მასზე უარს თავად მთავრობა ამბობს. ღარიბაშვილის კომენტარებს ევროკავშირი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.