თბილისის მერობის კანდიდატი და "ქართული ოცნების" ლიდერი, კახი კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მიკროფინანსური დახმარება არა დახმარება, არამედ სესხია. მისი თქმით, ამ ეტაპზე სესხის მიღების აუცილებლობა არაა.
კალაძეს არც სენატორ ჯიმ რიშის განცხადება მოეწონა, სადაც მან ხელისუფლება დახმარებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
"დახმარებაზე არა, სესხზე... ნუ არ ვიცი ეხლა, ვისთვის დახმარებაა, ვისთვის სესხია. რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს აქვს თავისი სახელი, სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას დახმარება, დახმარება შინაარსობრივად ჰქვია სხვა რამეს, სესხი შინაარსობრივად ნიშნავს სხვა რამეს.
დახმარება არაა, სესხია. თუ სესხის მიღების აუცილებლობა გვექნება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს", - თქვა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.
მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით ახსნა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.