
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დუისის პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
ისინი მიიჩნევენ, რომ მათი შვილები უდანაშაულოები არიან და ხელისუფლება მათი დაკავებით პოლიტიკურ ქულებს იწერს.
"გამოიყენეს ბავშვები იმიტომ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რეიტინგი აიმაღლოს, ვითომ ტერორისტები დაიჭირეს. რაღაც სპეციალურად მოწყობილი საქმეა ეს, მთავრობის მიერ რეიტინგის ასამაღლებლად გაკეთებული. ეს ბავშვები გამოიყენეს, სულ მთლად უცოდინარი, ნახირში გაზრდილი ბავშვები", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სოფელ დუისსა და ქორეთში სპეცოპერაცია 24 აგვისტოს ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს. 4 პირს გამოძიება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს, მეხუთეს კი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და მის ხელშეწყობას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 აგვისტოს ხუთივე პირს პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ია გულიაშვილი.