
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" თანადამფუძნებლების: დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვა იწყება. მოსამართლე გოჩა დიდავას წინაშე დღეს მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იძულებით წართმეული ქონება ისევ კანონიერ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს. მათი თქმით, თუ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ქიბარ ხალვაშის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა, იგივე არგუმენტებით, დვალისა და აქიმიძის სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს და მათ კომპანიის 30-30%-იანი წილები უნდა გადაეცეთ.
"ჩვენი არგუმენტაცია იქნება საკმაოდ მტკიცე. მათ შორის, პროკურატურის მასალები იქნება, რომელიც ჩვენებების სახით არის მოგროვებული. ჩვენ წაგვართვეს 60%. ჩვენ ქიბართან კომპრომისზე თანახმა ვიყავით, მაგრამ 40% კომპრომისი არ არის. 40% ნიშნავს იმას, რომ თქვენ სიმბოლურად გაძლევთ რაღაცას და მართვა და გადაწყვეტილების მიღება აქეთ მხარეს იქნება",- ამბობს დავით დვალი
"მე არ ვიცი სასამართლო რამდენად სამართლიანი იქნება. ყველა მოწმე, რომელიც დაკითხა, ამბობს თუ როგორ მოხდა ჩვენთვის "რუსთავი 2-ის" იძულებით წესით ჩამორთმევა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ რაც იძულებით ჩამოგვართვეს ამდენი წლის შემდეგ კეთილი ინებონ და დაგვიბრუნონ",- ამბობს ჯარჯი აქიმიძე
"რუსთავი2-ის" ამჟამინდელი დირექტორს, პაატა სალიას კი მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე აქიმიძესა და დვალს კუთვნილ წილებს არ დაუბრუნებს.
ჩვენ, როგორც მოპასუხეებს, იმედი გვაქვს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდება",- ამბობს პაატა სალია "რუსთავი2-ის დირექტორი"
ავტორი: საბა ბუაძე
იხილეთ ასევე: