
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილების გავრცელების საქმეზე თბილისის პროკურატურაში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც უკანონო ფარულ მიყურადებას ახორციელებდა.
"დღის პირველ ნახევარში შედგა კომუნიკაცია თბილისის პროკურორსა და ჩემს შორის,. დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდა ჩემი გამოკითხვაზე დაბარება ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში ტოტალურ მოსმენებს მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსების და პატრიარქის გარემოცვის.
ახლა, როდესაც შევალ გასაუბრებაზე, გავარკვევ რა არის მათი განზრახვა, კითხვებიდან ძალიან მარტივი იქნება ამ განზრახვის დადგენა - ისინი რეალურად იძიებენ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუ მათი სურვილია, რომ პასუხისგებაში მისცენ იმ ათობით ათასი უკანონო ჩანაწერის გამკეთებელი, ვინც ამას წერდა ამდენი ხნის განმავლობაში", - თქვა ნოდარ მელაძემ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.
ამასთან, პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" იმავე დღეს დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.