ბელარუსის დიასპორის წარმომადგენლებმა და პოლიტიკურმა დევნილებმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია გამართეს და 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბელარუსის საარჩევნო კომისიიდან დამკვირვებლების, მათ შორის ლიდია იარმოშინას ჩამოსვლა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბელარუს დამკვირვებლებზე გაცემული აკრედიტაცია უნდა გააუქმოს, რადგან ამ ადამიანებმა 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს და ლუკაშენკოს რეჟიმის გამარჯვება გააფორმეს.
აქციას პუტინის რეჟიმის გამოქცეული ადამიანებიც შეუერთდნენ. ისინი მიიჩნევენ რომ დღეს ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანა, ხვალ პუტინის პროპაგანდისტების ჩამოყვანას ნიშნავს.
იგივე მოთხოვნით აქცია დღეს ბათუმშიც გაიმართა.
შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.