ხელისუფლების პირველი პირები, ამ წუთებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, სადაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
თავდაცვის ძალებს, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართულ ჯარს თავდაცვის მინისტრმაც.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი გრძელდება - თუმცა მას მხედველობაში ჰქონდა ომი კორონა ვირუსთან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ჩართულობისთვის, პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.
ოკუპაცია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა და ამ გამოწვევის ფონზე პოზიტიურ დღის წესრიგზე ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში, - განაცხადა თალაკვაძემ.
ჯარს , პრეზიდენტისა და პრემიერის შემდეგ თავდაცვის მინისტრმაც მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქარტული ჯარის წვლილზე და ხილულ თუ უხილავ მტერთან ღირსეულ ბრძოლაზე ისაუბრა.
"დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება. თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მსოფლიო პანდემიის გამო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობას რამდენიმე მცირემასშტაბიანი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.