"ქართული ოცნება" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფარულ ჩანაწერებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ისევ არ აპირებს, პარტიაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
"პროკურატურაში არის გამოძიება, რომელმაც სწორედ ეს საკითხები უნდა გაარკვიოს. მთელი იდეა პროპაგანდის და რუსული პროპაგანდისტული ხრიკი, არის ზღვარის წაშლა სიცრუესა და სინამდვილეს შორის და ჩვენ ვიმყოფებით ეპიცენტრში ამ რუსული პროპაგანდისტული ხრიკისა. [...] სწორედ ეს არის მიზანი ამ მთელი პროპაგანდის რომ საზოგადოება დააბნიონ, შეიტანონ შფოთი, გააღვივონ უნდობლობა ყველაფრის და ყველას მიმართ, არაფერი არ დატოვონ წმინდა ამ ქვეყანაში, არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ადამიანი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჩანაწერებს "მოგონილი" უწოდა და თქვა, რომ საზოგადოება მას არ აჰყვა. მისივე აზრით, ოპოზიციის მიზანია მთავრობა გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსისი მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
ამავე თემაზე და სუს-ში მოქმედ სქემაზე ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" უწყების მოქმედმა თანამშრომელმა ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ სუს-ს არაერთი თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც კონკრეტული ინტერესის მიხედვით პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, სასულიერო პირებს თუ სხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენს.