
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
უწყებაში დღეს პარტია "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ელოდებიან.
ჯაფარიძე უკანონო მოსმენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ეს საშიში პრაქტიკა 2 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დასრულდეს.
"ის რაც ამ ფაილებში აღმოჩნდა, ზუსტად ასახავს იმ sms შეტყობინების შინაარსს. ანუ, შემიძლია დავადასტურო, რომ ემთხვევა სრულად. ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ამ შეტყობინების ჩაწერას. თვითონ პროკურატურას აქვს რიგი სხვა შეტყობინებები ჩემს სახელზე გამოგზავნილი და შესაძლოა, მათი გადამოწმებაც იყოს გეგმაში. საქმე გვაქვს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან, რომელშიც ჩართული იყო როგორც ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მიყურადება და მოსმენები სუს-ის გარეშე შეუძლებელია", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
პროკურატურამ ამავე საქმეზე გუშინ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოკითხა. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" სუს-ის მოქმედმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს.