ელჩის დაბარება ბრუსელში, ხაზგასმით ადასტურებს პრობლემის სიმძიმეს - ხაზარაძე სუს-ის ფაილებზე

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის ბრიუსელში დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პრობლემის სიმძიმეზე მიუთითებს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, დიპლომატების უკანონო მოსმენა საერთაშორისო სკანდალია, რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის.

"საქართველოს საგარეო იმიჯი, ისედაც შელახული, ბოლომდე ჩამოიშალა. ეს მოვლენები გვაკარგვინებს პარტნიორებს, ჩვენი ხელისუფლების უგუნური საქციელი, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

დაუჯერებელი და მავნებლურია, ერთის მხრივ, ვითომ მიისწრაფოდე ევროპული ოჯახისკენ, დეკლარირებული გქონდეს 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებდე და მეორეს მხრივ, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, საერთაშორისო კონვენციების უგულებელყოფით, უკანონოდ უსმენდე, უთვალთვალებდე შენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს და მათ წარმომადგენლობებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე.

ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია", - წერს მამუკა ხაზარაძე.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის პირველი დიპლომატია ვისაც ახსნა-განმარტებისთვის იბარებენ.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი