
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) პროკურატურას მიმართავს და ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე სასჯელის ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ითხოვს. GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.
"ვახო სანაიას თავდამსხმელებს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, ძირითადი სასჯელის სახით, განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს", - წერს ორგანიზაცია.
ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვახო სანაიაზე თავდამსხმელ პირებს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა შეეფარდათ და მათ პენიტენციური დაწესებულება განაჩენის გამოცხადების დღესვე დატოვეს.
ამავე თემაზე: