თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ხელმძღვანელი თანამშრომელთან ერთად საქართველოში ჩამოსული ტურისტების თანხას სისტემატიურად თაღლითურად ეუფლებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, კერძოდ: აღნიშნულ პირებთან შეთანხმებულ ე.წ. პრომო გოგონებს უცხოელი ტურისტები მიჰყავდათ ბარში, რა დროსაც კლიენტთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ დიდი რაოდენობის ძვირადღირებულ სასმელს და საკვებს, რომელიც რეალურად არ მიჰქონდათ მომხმარებელთან. ასევე, ანგარიშსწორებისას ლ.მ. და ა.ს. სტუმარს მიწოდებულ მომსახურებასთან შეუსაბამო დიდი ოდენობით თანხას უანგარიშებდნენ და მის გადახდას აიძულებდნენ.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 2021 წლის აგვისტოში, მოტყუებით დაეუფლნენ ინდოეთის, არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეთა კუთვნილ 7 738 ლარს", - წერია უწყების განცხადებაში.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 11 სექტემბერს, ლ.მ.-მ და ა.ს.-მ, ისარგებლეს დაწესებულებაში მისული ჩინეთის მოქალაქის ალკოჰოლური სიმთვრალით, მისი საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით, ფარულად დაეუფლნენ 15 000 ლარს.

ლ.მ.-ს და ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ", მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა", მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი