
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის პროკურატურაში ამ ეტაპზე ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებას და იმის დადგენას ცდილობენ, ვინ და როგორ გამოიტანა უწყებიდან საიდუმლო ფაილები.
საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იკითხება.
როგორც დეკანოიძემ გამოკითხვაზე შესვლის წინ აღნიშნა, გამოძიებას არ ენდობა, თუმცა უწყებაში მივიდა იმისათვის, რომ მისი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების საუბრის ავთენტურობა დაადასტუროს.
"ჩემი მოსვლა აქ არ ნიშნავს იმას, რომ მე ვენდობი გამოძიებას. მსურს მხოლოდ ერთი რამ, დავადასტურო, რომ ჩემი საუბარი [აშშ-ის] საელჩოს წარმომადგენლებთან არის ავთენტური... არ ვფიქრობ, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, თუმცა სწორედ ამიტომაც აუცილებელია, ჩემს მიერ დადასტურება ამ საუბრის. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, კიდევ არის სხვა ეპიზოდი ჩემზე და ოპოზიციის სხვა ლიდერებზე. ეს ეხება ჩემს დოსიეს, საცხოვრებელ ადგილს, საჯარო და პირად მონაცემებს 2020 წლის არჩევნების წინ. ეს არის ზუსტად ის სახე, რომელსაც აჩვენებს ქართული ოცნება", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.