დამითმეთ ეთერი და ყველაფერს მოვფენ ნათელს, მოვალ მტკიცებულებებით - ბესიკ ფიფია ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიაზე 

გამოქვეყნდა:

"მე უნდა დამითმოთ ეთერი და ყველა კატეგორიის ადამიანმა გაიგოს სიმართლე" - "მთავარ არხს" კალაძეების კლანის თაღლითური სქემის ფიგურანტი, ბესო ფიფია დაუკავშირდა და პირდაპირი ეთერის დათმობა მოსთხოვა. 

ფიფიამ აღიარა, რომ ის იცნობს როგორც ორდენიძეების ოჯახს, ასევე, კარლო კალაძეს. თუმცა თანხის გამოძალვას უარყოფს და ამბობს, რომ თავად თანხა არ აუღია, თუმცა შესაძლოა, თანხა კახა კალაძის მამას აეღო. 

"თქვენ ცალმხრივად, ერთი ადამიანის მოსმენით, გააჟღერეთ ის ინფორმაცია, მეორე ადამიანს არ მოუსმინეთ ისე. "მთავარმა არხმა" მოისხით პროკურორისა და მოსამართლის მანტია, დამირღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე გამომაცხადეთ დამნაშავედ. ყველაფერი ეს, სპექტაკლი, იყო წინასაარჩევნო კამპანია, დაგეგმილი იმისათვის, რომ მოეხდინათ გავლენა ადამიანებზე, მერობის კანდიდატებზე, სახელმწიფო მოხელეებზე და ა.შ.

მე უნდა დამითმოთ ეთერი და ყველა კატეგორიის ადამიანმა გაიგოს სიმართლე. თქვენს ტელევიზიაში განვაცხადებ პიროვნებას, ვინც ორდენიძეებს მისცა ფული, რათა "ნაციონალური მოძრაობას" ეს სპექტაკლი გამოეყენებინა ზოგიერთი პიროვნებების, ზოგიერთი პარტიების დისკრედიტაციისთვის და მოეხდინა ზეწოლა და შანტაჟი. 

რა თქმა უნდა გიდასტურებთ, ვიცნობ ორდენიძეებს, მაგრამ აზრზე არ ვარ რა კორუფციულ სქემაზე ლაპარაკობთ მე ეს გავიგე ეთერიდან. ეს არის ტყუილი, მოგონილი თემა. მე როგორ გამოვართმევდი ფულს ორდენიძეებს, როცა იძახიან, კარლო კალაძემ მომთხოვა ფულიო. თუმცა მე არავის ადვოკატი არ გავხდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იყო ტყუილი და შანტაჟი. თუმცა ამ ყველაფერზე თვითონ ის ბატონი გასცემს პასუხს.

მე თქვენ კი არ უნდა აგიხსნათ, უნდა ავუხსნა საზოგადოებას. მე ვითხოვ ამას, ყველაფერზე პასუხს გავცემ. ყველაფერს რომ ნათელი მოვფინო, კარლოზე, ბესოზე, ადიკოზე, რასაც ლაპარაკობდით, დამითმეთ ეთერი და მოვფენ ნათელს. მოვალ მტკიცებულებებით ვინ არის თაღლითი და ვინ მოიგონა ეს ფაქტი.

კიდევ გიმეორებთ, მე საიდან უნდა ვიცოდე, კარლო კალაძემ აიღო თუ არა თანხა? ",- ამბობს ბესიკ ფიფია. 

ცნობისთვის, საქმე ეხება „მთავარი აქცენტების“ ეთერში გასულ მასალას, რომელშიც გაიშიფრა თაღლითური სქემა, რომელსაც პირდაპირ კარლო კალაძემდე მივყავართ. ორდენიძეების ოჯახი ამბობს, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ, რომელთა შორის ბესიკ ფიფიაც არის რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ.

სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც  კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი