"ევროკავშირი საუბრობს რას ნიშნავს, ვინ არის ევროკავშირი?!"- ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ევროკავშირისა და ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ბურჭულაძე ამბობს, რომ შეთანხმება ოპოზიციის გამო გაუქმდა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.
"სამართლებრივად ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენ გამოვთქვით მზაობა იმისა, რომ მომხდარიყო საერთო შეთანხმება, რასაც წიხლი ჰკრა ჩვენმა ოპოზიციამ და არ გაითვალისწინა.
ნუ ცდილობთ ზოგადი საუბრით საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ევროკავშირი საუბრობს რას ნიშნავს, ვინ არის ევროკავშირი?! მაშინ უნდა თქვათ, რომ შარლ მიშელი საუბრობს და რას საუბრობს აბა, თუ შეგიძლიათ ციტირება. რის საფუძველაზეა [შეთანხმება] ძალაში, მორალურად არის, აბა სამართლებრივად ძალაშია?! შეთანხმება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის კონკრეტულ პირობებზე დათანხმებას, არ მოხდა ეს, არ შედგა და არ შედგა ოპოზიციის მიზეზით", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.