ადამიანი მოდის აბსოლუტურად მშვიდობიანად, საჯაროდ - მელია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მმართველი პარტიის არარაციონალურ მოქმედებებზე ისაუბრა და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე პროკურორს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში ახალი ბრალის მომზადება დაავალა. 

ნიკა მელიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე კითხვას უპასუხა და თქვა, რომ "ოცნება" ამ ვერსიასაც განიხილავს, რადგან მათგან დისტანცირებულ ზურაბიშვილს აღარ ენდობა.

"რატო ავალებს "ქართული ოცნება" რამდენიმე პროკურორს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეს "ქართულ ოცნებას" უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მგონია, რომ აზრი არ აქვს, რადგან პასუხის გასაცემად დროც კი აღარ ექნებათ სულ რამდენიმე დღე დარჩათ. ვფიქრობ, ეს მიუთითებს მათს პანიკურ გამოხტომაზე. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნდობა აღარ აქვთ და ფიქრობენ, მას შეუძლია, ერთი ხელმოწერით შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა ბრალი გაქარწყლდეს",- ამბობს ნიკა მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნების უფლება აქვს. 

"ადამიანი მოდის აბსოლუტურად მშვიდობიანად, ზედმიწევნით მშვიდობიანად, საჯაროდ. აბსოლუტურად ღიად განაცხადა, არა საცალფეხო ბილიკით შემოდის, არა სახელდახელოდ, საზღვრიდან უნდა შემოპარვა...გზავნილს ამ ყველაფრის აძლიერებს იმით, რომ მოდის ოჯახის წევრთან ერთად. და გუშინ ქალბატონმა წულუკიანმა ძალიან უკბილოდ და ჩემი აზრით, ძალიან უზნეოდ, კნინობითად და დამცინავად თქვა, რომ დედასთან ერთად მოდისო. დიახაც, საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხ პერიოდში მშობლებთან ერთად, დასთან და ძმასთან ვიბრძვით, იმიტომ, რომ ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და ქართველები...

ადამიანი ამბობს, რომ არ მინდა ვიყო დევნილობაში, დიახ საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების, თავისუფლების ხარჯზე მოვდივარ. აპირებთ ჩემს დაკავებას უსამართლოდ, ვიყო, იქ სადაც გინდათ, რომ ვიყო, მაგრამ ვიქნები ქართველ ხალხთან ერთად ",- აღნიშნა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი